გელა ბარძიმაძე ხმას ახალციხეში, N8–ე უბანზე აძლევს. გელა ეტლით მოსარგებლეა, მისი საარევნო უბანი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სართულზეა. აქამდე, გელას, არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულს, ხშირად მეგობრების დახმარება სჭირდებოდა.
„ახლა ელექტრო ეტლი მაქვს და შესვლას შევძლებ, აქამდე ჩვეულებრივი ეტლით რომ მივდიოდი უბანზე, დახმარება მჭირდებოდა, იქ ისეთი პანდუსია დამოუკიდებლად ვერ ახვალ“, – გვიხსნის იგი.
ახალციხის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ცდილობენ ისეთი შენობები შეარჩიონ, სადაც პანდუსია, ან შენობა მარტივად ადაპტირებულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამის შესაძლებლობა არ არის.
ცესკოს განმარტებით, მარტივი ადაპტაცია ნიშნავს, ისეთ საარჩევნო უბანს, რომელიც პირველ სართულზეა, შენობაში შესასვლელად კიბე არ არის საჭირო და შესასვლელი კარიც ეტლის შესვლის შესაძლებლობას იძლევა.
„საარჩევნო უბნები სკოლებში გვაქვს გახსნილი, ასევე სოფლის სახლებში, იქ სადაც შენობებს პანდუსები აქვს, ან მარტივად ადაპტირებულია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ვერ ხერხდება. მაგალითად ახალციხეში ერთ–ერთი უბანი მეორე სართულზე გვაქვს, სადაც შშმ პირისთვის მისვლა შეუძლებელია, სამწუხაროდ, ამ უბანთან ახლოს არ არის ისეთი შენობა, რომელიც შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული და მის ქირაობას შევძლებთ“, – ამბობს ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის ხელმღვანელი თეა გავაშელი.
ახალციხის საარჩევნო ოლქში 35 საარჩევნო უბანია, აქედან 4 უბანი პანდუსიანია, 11 მარტივად ადაპტირებული, ხოლო 20 უბანზე, პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება, შესვლას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ადიგენში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 საარჩევნო უბანია. როგორც საოლქო კომისიის ხელმძღვანელი ჯაბა მაჭარაშვილი განმარტავს, 18–დან 13 უბანი შშმ პირებისთვის და ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებულია, აქ იგულისხმება, როგორც მარტივად ადაპტირებული, ასევე პანდუსიანი.
ბორჯომის 30 უბნიდან ჯამში 6 უბანია ადაპტირებული.
ასპინძაში 23 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომია 20 უბანი, აქედან 1 პანდუსიანია, ხოლო 19 მარტივად ადაპტირებული.
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო უბნების სიმრავლით ახალქალაქი გამოირჩევა. 70 უბნიდან ადაპტირებული, რომელშიც შედის მარტივად ადაპტირებულიც, მხოლოდ 4 უბანია. უბნების უმრავლესობა საჯარო სკოლებშია განთავსებული.
რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ 37 უბნიდან ადაპტირებული უბნები 16–ია, აქედან 3 პანდუსიანია, რომლებიც ქალაქშია განთავსებული.
რამდენი შშმ ამომრჩეველია ქვეყნის მასშტაბით, ან, მაგალითად, სამცე–ჯავახეთში, ცესკოს ეს მონაცემები არ აქვს.
„საარჩევნო ადმინისტრაციას ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიცავს პერსონალურ ინფრომაციას. შესაბამისად კონკრეტული პირების სახელები და გვარები, ასევე რაოდენობები, გადმოცემული არ გვაქვს“, – აცხადებენ ცესკო–ში.
ახალციხეში არსებული, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, „თანადგომა შვილებს“ ხელმძღვანელის, ვეფხვია დიაკონიშვილის განმარტებით, ქალაქ ახალციხესა და თემში ეტლით მოსარგებლე 10 შშმ პირია, ხოლო 176 პირია, რომლებსაც შშმ პირის სტატუსი აქვს.
ცესკოში ამბობენ, რომ ეტლით მოსარგებლეებზე საარჩევნო უბნების ადაპტირება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის: „ეს არის ძირითადად ინფრასტრუქტურის და გათლების სამინისტროების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობის სფერო. უბრალოდ ჩვენ კორდინაციას ვაწარმოებთ“.
ცესკო შშმ პირს, იმ შემთხვევაში თუ მისი უბანი ადაპტირებული არ არის, პორტატულ პანდუსს სთავაზობს. დაინტერესებულმა პირმა ცესკოს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა მიმართოს.
„თუ შენობა – ნაგებობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს პორტატული პანდუსი დავდგათ, მაგალითად აქვს ფართო კარი, უბანი პირველ სართულზეა და ა.შ., მაშინ, მოთხოვნის შემთხვევაში, ამას სააჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ცესკოში.
ცესკო–ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3634 საარჩევნო უბნიდან 649 პანდუსიანია, ხოლო 504 მარტივად ადაპტირებული.