ამბროლაურის მერმა საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

300

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოუდგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე live რეჟიმში გადაიცემოდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერმა, სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, მიმოიხილა გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

“ბოლო წლებში ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა შეძლება ითქვას, რომ კონკრეტულად 2020 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. COVID 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში არსებული ყოველდღიური რეალობა და არა ერთი დაბრკოლება შექმნა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პრობლემა რომელიმე სფეროში არ დაფიქსირებულა და მაქსიმალური ძალისხმევით შევეცადეთ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები არ შეფერხებულიყო.

ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ვცდილობთ გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი და მათთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ყველა პრობლემის ერთად მოგვარება ძალიან რთულია, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.