კახეთში ყურძნის გადამამუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

425

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი ღვინის ექსპორტს გეგმავს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი მიიღო; კოოპერაციული საწარმოს შექმნით, თითოეულ მევენახეს მიეცა საშუალება, საკუთარი მოყვანილი ყურძენი გადაამუშაოს, შექმნას დამატებითი ღირებულება და მიიღოს მეტი შემოსავალი“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე, მათ შორის, კახეთის რეგიონში 120 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 1,392 მეპაიეა გაერთიანებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.