მთავარი არხი: შიდა ქართლსა და აჭარაში “ოცნება” აქციაზე მისასვლელად ფულს არიგებს

463

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონის ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში, ხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროზე ადრე დაასრულებს. მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული აქციაა. როგორც გამოცემა წერს, მმართველ პარტიას მიკროავტობუსების გამოყენება თბილისში მოქალაქეების ჩამოსაყვანად სურს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გეგმის მიხედვით, აქციაზე უნდა იყვნენ საჯარო სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები, თუმცა მათმა ნაწილმა აქციაზე წასვლაზე უარი თქვა.

მათივე ცნობით, “ქართულ ოცნების” მხარდამჭერების უმრავლესობა საჯარო მოხელეები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე პირები არიან.

“მობილიზებული ჰყავთ როგორც საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, მასწავლებლები, ისე მათი ახლობლები. ხაზის სამარშუტო ტაქსები მოხსნეს და უფასოდ ემსახურებიან. ძალიან ბევრმა პედაგოგმა უთხრა უარი ამ უკანონო დავალებაზე. ისინი არიან პრინციპულად თავიანთ პოზიციაზე და არ სურთ ასე დაშინებით, მოსყიდვით შეასრულონ უკანონო დავალებები”, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარიამ სეხნიაშვილი.

“მთავარის” ინფორმაციით, იმას, რომ ხელისუფლებას სრულ მობილიზებას აცხადებს რეგიონში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ უარყოფენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ქარელის მერობის კანდიდატმა, ზაზა გულიაშვილმა. ის ამბობს, რომ ხვალ ძალიან ბევრ ადამიანს წაიყვანენ ქარელიდან, თუმცა დაშინებისა და ძალდატანების ფაქტებს უარყოფს.

“ხვალინდელ აქციაზე მე პირადად მივდივარ, ვეპატიჟები სუ ყველას,თქვენც გეპატიჟებით ვისაც ქვეყანა გიყვართ, ვისაც სამშობლო გიყვართ ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალინდელ აქციაზე”, – თქვა გულიაშვილმა.

ასევე, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დაგეგმილ აქციაზე მისასვლელად მმართველი პარტია აჭარაში მცხოვრებლებს 50 ლარს სთავაზობს. პარტიამ აქციის მონაწილეების მობილიზება სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს დაავალა.

“მთავარმა არხმა” საჯარო მოხელეებისა და მათი ხელმძღვანელების მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც ჩანს, რომ ხელმძღვანელები თანამშრომლებს ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აქციაზე არ მივლენ, ხელმძღვანელები მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამასთან, აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ 50 ლარს ურიგებენ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე დააანონსა.