“ევროპული საქართველო” თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

694

“ევროპული საქართველო” გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განმარტა, გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე კანონი დაირღვა, რის გამოც, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური ვერ იქნება.

“გუშინ რამდენიმე კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი. დაირღვა კანონი, როცა ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად უკანონოდ უფორმებენ ტერიტორიებს მაშინ, როცა არანაირი საჯარო ინტერესი ამ ამბავს ზურგს არ უმაგრებს. მეორე დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ საკრებულოს სხდომა დაიხურა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე, რასაც არანაირი დასაბუთება არ მოჰყოლია და ეს არის ცალსახად უკანონო ქმედება. მესამე კანონდარღვევა იყო დეპუტატების არშეშვება საჯარო დაწესებულებაში, რაც არის თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რისთვისაც “ევროპული საქართველო” მიმართავს სასამართლოს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მას ასევე შენიშვნები აქვს გუშინ, საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენების დროს პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით.

“მძიმე მოვლენაა, პოლიციის გადაქცევა ერთი ადამიანის კაპრიზების შემსრულებლად, რაც დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტებისთვის. კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად მივიღეთ ერთი ოლიგარქის ახირებების შემსრულებელი ხელისუფლება”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი