როდის განახლდება მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა

286

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავატომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ სამუშაოები სანახევროდაც ვერ შეასრულა. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავცელებს.

უგზოობით გაწამებული მოქალაქეები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს გაგვერკვია, რა ბედი ელის ამ გზას და როდის დაადგება საშველი მის მშენებლობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაწყვეტენ.

„ამ გზის მშენებელობისთვის ტენდერი წელს აუცილებლად გამოცხადდება, – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჯაფარიძე, – თუმცა, ტენდერი 2021 წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.

ვფიქრობთ, რომ 2022 წელს მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება და კიდეც დასრულდება“.

ამ საავტომობილო გზის მშენებლობის ღირებულება 54 566 117 ლარია. გზის ეს მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია.