საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა და დაადგინა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მილიონზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია რეგისტრირებული.
„მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, ცესკომ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია“,- აღნიშნა იოსელიანმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.