“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მღებრიშვილი იხსენებს, რა ვითარებაში მოხდა “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტების მიერ, რუსთავში, დავით კირკიტაძის ოფისზე თავდასხმა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ა(ა)იპებ-სა და სიპებში დასაქმებულები ცოტა მოგვიანებით, მოვიდნენ, მაგრამ დაპირისპირების მეორე ეტაპზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ:
“სპორტის სამსახურის უფროსი, ბაჩო ხაჩიძე. იყო ასევე გიორგი კოკაია სპორტის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი. მოქმედი და არჩეული საკრებულოს წევრი “ოცნებიდან” ამირან ჯანჯღავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე. ეს ადამიანები იყვნენ ყველა ადგილზე. რეალურად მოდიოდა მათი მხრიდან გინება, ჩვენი მხრიდან თავის დაცვა, მოვიდნენ პოლიციელებიც და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 40 წუთის მანძილზე მაინც”,- ამბობს გიორგი მღებრიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში “ქართული ოცნების” პარტიული აქტივი მიიჭრა და პროვოკაცია მოაწყო. დაპირისპირების დროს ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთი საკრებულოს თავმჯდომარე.
რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
რუსთავის მერობის კანდიდატი მის შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ორგანიზებული იყო, მომხდარის ყველა დეტალი გადაღებულია და აუცილებლად ეცნობებათ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე სადამკვირვებლო მისიებს.