ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო ოფისში შეჭრის მცდელობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ კვირას განაცხადა.
დავით კირკიტაძემ რუსთავში, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან.
კირკიტაძის განცხადებით, პარტიის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი ადამიანია დაშავებული.
“შარტავას 19 ნომერში, ჩვენს შტაბში, რომელიც შესაბამისად არის დაბრენდილი და არის დღიდან საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისა, მოხდა თავდასხმა. ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი, ადამიანები, რომლებიც დახვდნენ ასევე “მარშუტკებს” ცოცხებით, იყვნენ მოსულები, ცდილობდნენ ჩემზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას და ოფისში შემოჭრის მცდელობაც ჰქონდათ…
„იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ. მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.