გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.
„დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს და დიდ ქალაქებს მინდა, რომ გავუზარდო. გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.
ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის “წარმოდგენა არ აქვს”, ხოლო ქართული ოცნებას “ღირსეული ზუგდიდელი” და “უწესიერესი კაცი” ჰყავს კანდიდატად.