ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა, თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, როცა არ იცის ბიუჯეტი, არ იცის რამდენი სოფელია, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 30 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ღირსეულმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპიტარესობით, რადგან ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა არჩევანი არ აქვთ.
„ზუგდიდმა კარგად იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელები და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ მაგალითად, იგივე კასრების საქმე და ვინ არის ამ კასრების შემოქმედი. მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები. იცით, ხომ ვინ არის უბირია? კაცი, რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ხელისუფლება და ეს ძალა არის „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილის პარტია. მინდა, ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და სულ მცირე ექვსი წელი ეს კაცი იჯდება ციხეში.
„ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად რა თანამდებობა აქვს ან ჰქონდა. მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე, ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა – რა მოტივაცია აქვს ამ კაცს? როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია? წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს ჩვენ გყავს ძალიან გამოცდილი უწესიერესი კაცი, მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ამ ქალაქს. შესაბამისად, მე მინდა, ვთხოვო თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, რომ არც ერთ არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაცმოძრაობის ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იქნება ციხეში. შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ექვსი წელი არ იჯდება ციხეში, აპირებენ უკრაინისთვის გადაცემას და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამორიცხულია გამორიცხულია, რომ სააკაშილი საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. ხომ არ იგეგმება უკრაინაში მისი გადაცემა, ეს არის სრული აბსურდი.
მივმართავ ზუგდიდელებს, ვინმემ რომ წარმოიდგინოს, ანზორ მელია არის ზუგდიდი მერი, ეს ხომ ნიშნავს, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს მთავრობასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევე და ისევ ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47 პროცენტი და ახლა 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, პროგრესი განვითარება, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა პოლიტიკოსებს შორის უაზრო, უსაგნო საუბარი და კინკლაობა. 30 ოქტომბერს ამასაც დავასრულებთ. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება საუბარი, აღარც სააკაშვილზე და აღარც „ნაცმოძრაობაზე“. მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს ღირსეული პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ ღირსეულად ძლიერად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.