ხაზარაძე: ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ მელია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს

793

წინა სტატია

“ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრეზიდენტი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს”, — ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას, რომ მელიას თბილისის მერად გახდომის ისეთივე შანსი აქვს, როგორც მას ჩინეთის პრემიერობის.

ღარიბაშვილმა ეს განცხადება დღეს, 22 ოქტომბერს სამეგრელოში გამართული წინასაარჩევნო შეხევდრის შემდეგ მედიასთან გააკეთა. მან კომენტარების დიდი ნაწილი ისევ ოპოზიციის კრიტიკასა და დისკრედიტაციის მცდელობას დაუთმო.

გარდა ამისა, სენაკში შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია. ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის “წარმოდგენა არ აქვს” და არ იცის “რამდენი სოფელია ამ ქალაქში”, ხოლო ქართული ოცნებას “ღირსეული ზუგდიდელი” და “უწესიერესი კაცი” ჰყავს კანდიდატად.

20 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის მერობის არჩევნებში მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები იქნებიან:

  • ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
  • გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე;
  • პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია;
  • ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე.

თბილისის მერობის არჩევნებში ნიკა მელია ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

  • კახა კალაძე — 45.006%;
  • ნიკა მელია — 34.011%.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.