ხაზარაძე: ღარიბაშვილი გაგებაში არაა, რა არის თვითმმართველობა, კონსტიტუცია გადაიკითხოს

378

თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატისა და ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის თვითმმართველობა, ამიტომ ურჩევს, კონსტიტუცია გადაიკითხოს. ის განმარტავს, რომ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას ცენტრალურმა ხელისუფლებამ დესტრუქცია არ უნდა მოუწყოს.

“ეს არის კონსტიტუციის და კანონის ელემენტარული არცოდნა, როცა ამას აცხადებს პრემიერი, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაგებაში არ არის რა არის თვითმმართველობა. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თვითმართველობაში შეიძლება იყოს ოპოზიცია, მაგრამ მან გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება და საქმის კეთება, ისე რომ დესტრუქცია არ მოუწყოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

ეს არის პრაქტიკულად, საბოტაჟი, წინასაწარ გამოცხადებული საბოტაჟი ქართველი ხალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ და მე ვურჩევ მას, რომ გადაიკითხოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა”, — აცხადებს ხაზარაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, “არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.

ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის “წარმოდგენა არ აქვს”, ხოლო ქართული ოცნებას “ღირსეული ზუგდიდელი” და “უწესიერესი კაცი” ჰყავს კანდიდატად.