გუშინდელი კოალიცია, ეს არის ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობა” დაშლილი და შეერთებული – სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის, კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან თანამდებობაზეო, როდესაც თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნებაა” უმრავლესობაში წარმოდგენილი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი შეაფასა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას მათ მიმართ.
„ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ვერც ინფრასტურქტურას, გარემოსდაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ ვართ, ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს ამ ქალაქთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა, გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში პასუხი გაეცეს. სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის, კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, როდესაც თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნებაა” უმრავლესობაში წარმოდგენილი. მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად და სამსახურის უფროსებს, ეს დედაქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გუშინდელი კოალიცია, ეს არის ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობა” დაშლილი და შეერთებული”,- აღნიშნავს კალაძე.
კითხვაზე, თუ რატომ არ იყო კოალიციაში პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, კალაძე აღნიშნავს, რომ მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.