მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად იყოს ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ვერ მოხდება ამ პროცესის მართვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში, ვაქცინაციის პროცესის გაცნობისას განცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გეგმავს ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს, რომელიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის.
„ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ მარათონს კახეთში. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონის ჩართულობა. ჩვენ შერჩეული გვაქვს 50 სოფელი იმის მიხედვით, სადაც ყველაზე დაბალი იყო ვაქცინაციის პროცესი. ამ პროცესების შეფერხებას თან მიზეზები ახლდა, რასაც მოქალაქეები ასახელებენ – ეს იყო მოსავლის აღება, ასევე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია, რომელსაც ისინი საჭიროებენ, რომ მიწოდებული ყოფილიყო. გააქტიურებულია ოჯახის ექიმების რგოლი ინფორმაციის მიწოდების კურთხით, ვინაიდან გარდა სატელევიზიო კომენტარებისა და სატელევიზიო ინფორმაციისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ველზე აქტიური მუშაობა და ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს აქტიურად ჩართული პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მივუთითებთ, რომ მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ იხსნის პასუხისმგებლობას და როგორც სამინისტრო, ასევე დავადებათა კონტროლის ცენტრი გააკეთებს მუდმივ მონიტორინგს ამ მიმდინარე პროცესზე და მარათონს ჩვენ დავესწრებით თითქმის ყველა სოფელში. ეს გამოიღებს საკმაოდ დადებით შედეგს და ის დავარდნილი ტემპი, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია ვაქცინაციასთან მიმართებაში ეტაპობრივად აიწევს.
ხშირად ისმის კითხვები არის თუ არა დაგვიანებული გარკვეული პროცესი, ასევე რამდენად კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესით და ეპიდვითარება, როდესაც არის დღეს საკმაოდ მომატებული, ჰქონდა თუ არა ადგილი გარკვეულ გულგრილობებს და აქ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ისეთ ქვეყნებშიც კი როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, იქაც კი გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ შეექმნათ საკმაოდ დიდი პრობლემები, იმისათვის, რომ ის მოსახლეობა, რომელიც რეზისტენტული არის ვაქცინაციის პროცესის მიმართ სხვადასხვა მეთოდით დაერწმუნებინათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად ვგეგმავთ ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.