2017 წლის 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისის საკრებულო განიხილავს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც სახალხო დამცველმა საკითხის საკუთარი ინიციატივით შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.
დღესვე გავრცელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის მიზეზად მოყვანილია წინა საკრებულოს სხდომაზე და მერიასთან განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასათვის დახურვა დაუშვებელია. თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით ზოგადად საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება. სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს „სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები.“ აღნიშნულ სხდომას აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრებებსაც. დაკვირვებამ გამოავლინა, რომ შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციელები პარლამენტის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას, რაც კანონის უხეში დარღვევაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სხდომის საჯაროობა და პარლამენტის წევრებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა დაინტერესებული პირების შენობაში შეშვება.