ჯაფარიძე: მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციური მთავრობის

284

მეც მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციური მთავრობის, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამ ქვეყანას განვითარების შანსი უნდა მიეცეს , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ოპოზიციის ნაწილის დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის კოალიციური კაბინეტის და თბილისის განვითარების პროგრამის წარდგენის თაობაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი მეტ თავისუფლებაშია.

„ჩემი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, აქ ვარ, არის ის, რომ მეც მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციური მთავრობის, ამის პირველი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას თბილისში. მეორე მიზეზი არის ის, რომ მე ამ ბრძოლას, რაშიც ახლა ვართ, არ ვუყურებ, როგორც ბრძოლას მარტო თბილისისთვის, ჩემთვის ეს არის ტრამპლინი იმისთვის, რომ თბილისი მოვიგოთ, ამის შემდეგ კი მოვიგოთ ცენტრალური ხელისუფლება. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამ ქვეყანას განვითარების შანსი უნდა მიეცეს, ასე ვუყურებ მე ამას. ეს არის მათვარი მიზეზი, რის გამოც აქ ვდგავარ.

მინდა პოტენციურ მხარდამჭერებს ვუთხრა, თავისუფლების ბევრი გაგება არსებობს და მგონია, რომ ზუსტად და სწორად მესმის თავისუფლება რა არის. მეტიც, მესმის როგორ მუშაობს თავისუფლება საზოგადოებაში, რატომ არის, რომ თავისუფალი საზოგადოებები აღწევენ წარმატებას და პროგრესს, რატომ არის, რომ დღეს დედამიწაზე ის ქვეყნები, რომლებიც წარმატებულები არიან და განვითარებულები, მათ ხანგრძლივი თავისუფალი საზოგადოების ისტორია აქვთ.

ასევე პირიქით, ქვეყნები, რომლებიც არ არიან წარმატებულები მათი ისტორია დაფუძნებულია მეტწილად შეზღუდულ თავისუფლებაზე. ჩვენ ასეთი წარსულიდან მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ საზოგადოებიდან, სადაც თავისუფლება არ არსებობდა, საბჭოთა კავშირიდან, ბოროტების იმპერიიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე იდგა ადამიანის მონობაზე. არ მჯერა რომ 17 გზა არსებობს, საიდანაც უნდა ავარჩიოთ, მგონია, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი არის მეტი თავისუფლება“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შესაძლებელია.

„ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძეს. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის მოულოდნელობა იყო ერთად აღმოვჩენილიყავით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ რაღაცნაირად შევძელით ბევრ რაღაცაზე გადაბიჯება, იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობა, კომპრომისების გზებით სიარული. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია ამ ქვეყნის შეცვლა უკეთესობისკენ, ამის დასაწყისია დღეს“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.