ქადაგიშვილი: ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან აცდენილია – რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ და მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან

272

ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან აცდენილია – რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ და მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან, – აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

“არჩევნების მეორე ტურამდე ლამის ერთი კვირაა დარჩენილი და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ადგილობრივი არჩევნებია, დედაქალაქის საკითხებზე უნდა იმსჯელოს და გუნდი წარმოადგინონ. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, “ბასტი-ბუბუში” არიან გახვეულებიო. აქედან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლიან გუნდად არ აღვიქვამ, რომელმაც შეიძლება რამე მართოს, მათ შორის დედაქალაქი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ჩრდილოვანი მთავრობა, კოალიციური მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებით შეიძლება შედგეს და “ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებულები”.

“ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი “ფეიკი” – შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რომ რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, მაგრამ ეს რეალობა აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.