ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, სკოლები შიდა დონეზე ახერხებენ ინფექციის გავრცელების მართვას, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.
საქმე ის არის, რომ ამ ეტაპისთვის, ვირუსის გავრცელების გამო, 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
„ჯამურად, მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში აცრების მაჩვენებელი მაღალია, ზოგიერთში – შედარებით დაბალი. საერთო მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია, ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე მეტი იყოს.
კარგია, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ვირუსის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, სკოლები გახსნილ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.