ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხუნევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებასა და „დევების“ სკვერის რეაბილიტაციას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით გეგმავს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ევროკავშირისგან მხარდაჭერილი კონკურსის პირველ ეტაპზე ეს ორი იდეა იდეა იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ორივე იდეისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა.
ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხუნევის საბავშვო ბაღის პროექტს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე წარუდგენენ.
„საბავშვო ბაღის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა და დადებითი დასკვნა მიიღო, – ამბობს დავით დევდარიანი, – „დევების“ სკვერის პროექტზე გვაქვს შენიშვნები და ამიტომ ამ პროექტს, სავარაუდოდ, საკონსულტაციო საბჭოს მომავალი თვის სხდომისთვის წარვადგენთ.
ხუნევის საბავშვო ბაღის პროექტი თუ მოიწონეს, მაშინ ის სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება. ამ კომისიისგან საბოლოო დასტურის შემდეგ თანხა გამოგვეყოფა და ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის მიხედვით, ამ საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 619 ათასი ლარია.
დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ხუნევში ბაღის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს“.
საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ საგრანტო კონკურსი წელს ივნისში გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამა 2020 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით იმერეთში, კახეთში, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და გურიის რეგიონებში მიმდინარეობს.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს 2 625 600 ლარი გამოიყო.