ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები პირდაპირ შესყიდვებს ახლადარჩეული მერის კობა ლურსმანაშვილის ძმას უფორმებენ. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
ifactimereti.ge-ს ინფორმაციით, ზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ.მეწარმემ, 2016 წლიდან დღემდე, ხარაგაულის ბიუჯეტიდან 48,425 ლარი მიიღო.
მასთან გამარტივებული წესით, ანუ უკონკურსოდ აქვს დადებული კონტრაქტები ააიპ ხარაგაულდასუფთავებას, ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას, ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს და მხარის ყოფილი მაჟორიტარის კობა ლურსმანაშვილის ბიუროს. მისგან, ძირითადად, ავტონაწილებსა და ავტომანქანის შეკეთების მომსახურებას ყიდულობდნენ.
ზურაბ ლურსმანაშვილმა 2019-20 წლებში, უკონკურენტოდ მოიგო “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” სამი ტენდერი. მერის ძმისგან 21 ათასი ლარის ავტონაწილები და სამშენებლო მასალები შეიძინეს.
კობა ლურსმანაშვილი 2013-16 წლებში დაბა ხარაგაულის გამგებელი, 2017-20 წლებში კი პარლამენტში მხარის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2020 წლიდან ის ხარაგაულის მერია.
ზურაბ ლურსმანაშვილი კითხვაზე, მისი ძმის თანამდებობის დამსახურება ხომ არაა ის, რომ ხარაგაულის ააიპ-ები კონტრაქტებს ასე მარტივად უფორმებენ, პასუხობს, რომ ამით კანონი არ ირღვევა.
“მე მაქვს ავტო-ტექ მომსახურება ხარაგაულში და შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერა. ხარაგაულში ელექტრონული ხელმოწერა და გამართული ავტო-ტექ მომსახურება არც არის და არც იყო,”- ასე ახსნა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ააიპ-ებთან გამარტივებული ხელშეკრულებების დადება.