თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა – ავარიული სახლების ჩანაცვლება. მთელი 2 თვის განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე და არავინ არ დაინტერესებულა, როდესაც უბედურება მოხდა, მაშინ ყველა გამოვიდა, ნახეთ რა ხდება, როგორი შენობები გვაქვს ქალაქშიო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობაა და მერიის პროგრამით, მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, სახლების განახლება მოხდება ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ.
„ავარიული სახლების საკითხი ძალიან აქტუალურია. ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი ამაზე, არავინ არ დაინტერესებულა ჩვენი საარჩევნო პროგრამით. ჩვენ ვართ ის ადამიანები და გუნდი, რომლებმაც ვიცით კონკრეტული პრობლემები ამ ქალაქში, რა უნდა გაკეთდეს, რა გამოწვევებია და რა უნდა გამოსწორდეს. თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა – ავარიული სახლების ჩანაცვლება, მთელი 2 თვის განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე და არავინ არ დაინტერესებულა, როდესაც უბედურება მოხდა, მაშინ ყველა გამოვიდა, ნახეთ რა ხდება, როგორი შენობები გვაქვს ქალაქშიო. დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, 10 000-მდე ასეთი შენობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ შენობა-ნაგებობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა. დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ მოვახდინოთ ამ სახლების ჩანაცვლება და განახლება ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, ამ ადამიანებს გავიყვანთ ქირით და 2 წლის განმავლობაში, როდესაც დამთავრდება სამუშაოები, დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. მთავარია, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველა მთავრობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ პროგრამით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.