მთავრობა იმ პროექტების დაფინანსებას ზრდის, რომელთა შესრულება 40%–ზე დაბალია – აუდიტის დასკვნა

444

2022 წელს მთავრობა იმ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ზრდის, რომელთა შესრულება მიმდინარე წლის განმავლობაში 40%–ზე დაბალია – ამის შესახებ ინფორმაცია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია მოცემული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მისაღები ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი – 61.3% (1.9 მლრდ ლარი) მიმართული იქნება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, რაც 37%-ით (514 მლნ ლარი) აღემატება 2021 წლის გეგმას. რაც შეეხება ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, მათი მოცულობა 1.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც საგარეო წყაროებიდან მისაღები ფინანსური რესურსების 38.7%-ს შეადგენს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოცულობა 2.7 მლრდ ლარით არის შემცირებული მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

“საგარეო წყაროებიდან მოზიდული კრედიტების ფარგლებში იგეგმება წინა წლებში დაწყებული 53 საინვესტიციო პროექტის გაგრძელება. საყურადღებოა, რომ კანონპროექტით დაფინანსება ეზრდება 10 ისეთ საინვესტიციო პროექტს, რომელთა შესრულების მაჩვენებელი 2021 წლის 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმასთან მიმართებით 40%-ზე დაბალია.

მნიშვნელოვანია, პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა საინვესტიციო პროექტების დაგეგმვისა და დაფინანსების განსაზღვრის პროცესში ყურადღება გაამახვილონ მათი მიმდინარე შესრულების ტენდენციებზე. საკრედიტო რესურსის დაგვიანებით ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (commitment fee) გადახდას სესხის აუთვისებელ ნაწილზე.

კანონპროექტით წარმოდგენილი საინვესტიციო კრედიტების უდიდესი ნაწილი (75%) მიიმართება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.