ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.
კახა კუჭავას ადვოკატის სალომე გულუას განმარტებით, კუჭავას მხრიდან აღნიშნული პირბადის გაკეთება მიზანმიმართული წინასაარჩევნო აგიტაციის ქმედება არ იყო და მექანიკურად მოხდა.
„ბატონ კახას ეკეთა პირბადე რეგულაციების გამო, მის პირბადეზე აღნიშნული იყო ,,ქართული ოცნების” ლოგო და საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი 41. ეს არ იყო მიზანმიმართული წინასაარჩევნო აგიტაცია, ეს მოხდა მექანიკურად. ტელევიზიებითაც დაფიქსირდა, რომ კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე მისული იყო დილის საათებში, ამ პირბადით მოუწია შესვლა და არ იყო გამოყენებულის საარჩევნო მიზნებისთვის”, – აღნიშნა სალომე გულუამ.
საია-ს ადვოკატი გიორგი ანთაძის განცხადებით კი, სასამართლოს მიერ მომხდარი ფაქტის მცირე მნიშვნელობის დარღვევად შეფასება მიუღებელია და ცესკო-ზე იქნება დამოკიდებული გაასაჩივრებს თუ არა ამ დადგენილებას.
”კახაბერ კუჭავა ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, თუმცა იგი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო. ამ მასშტაბის დარღვევაზე ამგვარი რეაგირება, როდესაც სასამართლო მცირე მნიშვნელობის დარღვევად მიიჩნევს ჩვენთვის მიუღებელია და ცესკო-ზე იქნება დამოკიდებული გაასაჩივრებს თუ არა ამ დადგენილებას”, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 12 ოქტომბერს შეადგინა. როგორც საია-ში განმარტავენ, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა, რაზეც საია-მ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა.