მარნეულის სოფელებში ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ აქტუალურია. ინგა ქველაძის იჯახი საიმერლოში, ზაზა ბოჭოიძის ქუჩაზე, ბოლო მოსახლეა. ამბობს, რომ წლებია გზის მოასფალტებას ითხოვენ, ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე განცხადებითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
,,ამ უბანში სულ ბოლოში ვცხოვრობთ. თავის დროზე იმედი რომ არ გვქონდა მე და ჩემს ოჯახს, საკუთარი ხარჯებით მივიყვანეთ სახლამდე ბუნებრივი აირის მილებიც და სასმელი წყლის მილებიც. წლებია ადგილობრივ თვითმმართველობას გზის მოასფალტებას ვთხოვთ, განცხადებაც დავწერეთ რამდენჯერმე თუმცა მაინც ტალახში ვცხოვრობთ. ბოლოს მე და ჩემი მეუღლე ამირან გიორგაძესთან ვიყავით, გვითხრა აუცილებლად გავაკეთებთო, განცხადებაც დავწერეთ და დავტოვეთ. ველოდით ამ დრომდე, მაგრამ უშედეგოდ. ასფალტი როცა გააკეთეს აქ, ჩვენ სახლამდე არც მოიყვანეს რაღა იყო დარჩენილი, რამდენიმე მეტრია აქამდე. ყოველ გაწვიმებისას გუბეები დგება, ბავშვი სკოლაში რომ მიდის გუბეებში სულ ტალახიანდება. ამ გზით მთელი სოფელი სარგებლობს და ყველას გამოადგება. არ გვაქვს სახლის წინ არხი, ადრე გვითხრეს თქვენ თვითონ გაჭერით თქვენი ხარჯებითო, გაზიც თუ მე მივიყვანე სახლამდე, გზაც, არხიც და სასმელი წყლის მილებიც მთავრობა რაში მჭირდება.“- გვითხრა ქველაძემ
პრობლემის შესახე კარგად იციან მარნეულის მერიაშიც. გვითხრეს, რომ ქველაძეებმა მერიაში წერილი უნდა შეიტანონ რათა 2022 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.
,,როდესაც აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო ასფალტი, გზა არ მივიდოდა ამ მოსახლის საცხოვრებლამდე, რადგან არიყო ალბათ პროექტში გათვალისწინებული. განცხადება დაწერონ, ჩვენ გავითვალისწინებთ 2022 წლის ბიუჯეტში“. – გვითხრეს მერიაში
მარნეულის მერიამ წელს სოფელ საიმერლოში და არაფლოში შიდა გზების დაგებაში 1 432 394 ლარი დახარჯა, ამის მიუხედავად ქველაძეების ოჯახი მაინც გზის გარეშე დარჩა.