თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურამდე მიმართვას ავრცელებს და ამჯერადაც “ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე” საუბრობს. მისი თქმით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და სჯერა, რომ მეორე ტურში პროგრესი და სტაბილურობა გაიმარჯვებს.
“2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყანაში.
შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე. თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა”, – თქვა კახი კალაძემ.
კალაძეს მიმართვაში არც მისი ოპონენტის, ოპოზიციის მხრიდან ერთიანი მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას და სხვების კრიტიკა დავიწყებია.