ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის ჯამში 1652 პირს 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, გადაუხდელი თანხებისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა 1 700 000 ლარს აღემატება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში – 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება“, – აღნიშნეს უწყებაში.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. მისივე განმარტებით, ეს შეეხებათ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან.