გაბუნია: ინფიცირების ნახტომისებური ზრდის მიზეზი, სავარაუდოდ, რთველი და აქციებია

773

კვირის დასაწყისში, როდესაც covid-19-ით ინფიცირების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ მატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებებმა მოკვლევა დაიწყეს.

დღეს კი მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფიცირების ნახტომისებური მატების მიზეზები დაასახელა, რომელთაგან პირველი მობილობის ზრდაა, რომელიც, ძირითადად, რთველს უკავშირდება.

„მობილობა მაღალია – არა იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სწავლა დავიწყეთ, არამედ ის მაღალია მთელი რიგი სოციალური აქტივობების გამო; მაგალითად, რთველის პერიოდი იყო კახეთში და შედეგმაც არ დააყოვნა, მით უმეტეს იყოს წვიმიანი ამინდები, როდესაც თავშეყრა რთველის შემდეგ დახურულ შენობებში ხდებოდა.

შემდეგ ის აქციები, რომელთაც თვალს ვადევნებთ; ეს პერიოდი შარშან ერთხელ უკვე გავიარეთ და აქციები ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ახლაც იგივე რისკებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში არც პირბადის გამოყენება ხდება შესაფერისად და არც სათანადო სოციალური დისტანცირება. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ინფიცირების ასეთ სწრაფი ზრდა გვაქვს.

ჩვენ მეოთხე ტალღის დაღმავალ ფაზაში ვიყავით და ამ ყველაფერმა ინფექციის ძალიან სწრაფ გავრცელებას მისცა ბიძგი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.