შუახევში, კერძოდ ზამლეთის თემში, სახელისუფლებო მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კეკელიძემ, “ნაციონალების” მაჟორიტარ კანდიდატ ამირან ხიმშიაშვილს არჩევნები 7 ხმით მოუგო. ოპოზიცია ამ თემში შემავალი თითქმის ყველა უბნის განმეორებით გადათვლას ითხოვდა. მუნიციპალიტეტის ოლქის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო. ზებურ მამულაძის მტკიცებით, ყველაფერი გააკეთა, რომ საეჭვო უბნები განმეორებით არ გადათვლილიყო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ამავე თემში, უბნების განმეორებით გადათვას ითხოვდა გახარიას გუნდიც. გელა აბაშიძე, რომელიც ოლქში ამ პარტიის ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ ბათილ ბიულეტენებში, ბათილობის მოტივი იდენტური და საეჭვოა. იგი ყურადღებას მონაცემების გვიან ღამით გადამოწმებაც ამახვილებს. აბაშიძის განმარტებით, უბნების განმორებითი გადათვლის შემთხვევაში, შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო.
წელს პირველად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულმა ოლქმა, ლოტოტრონის პრინციპით განმეორებით, 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები დაითვალა. შუახევში, ამ მეთოდით, 27-ე, 29-ე, 35-ე, 36-ე და 41-ე უბნების მონაცემები გადაამოწმეს. ოლქის თავმჯდომრე პარტიების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. დათა ზოიძის თქმით, მათ პარტიების მიერ დასახელებული უბნების სრულად გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.
უბნებზე დაწერილი არაერთი საჩივრისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, ოლქმა არც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაცია გაითვალისწინა. რეკომენდაციიის უგულებელყოფას კანონის შესაბამისობით ხსნიან.
ცნობისთვის, შუახევი აჭარის ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება. მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები აქ, კენჭისყრის პირველივე ტურში გამოვლინდნენ.