ქუთაისის მერია: შადრევნისა და ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 1.2 მლნ ლარი დაიხარჯება

392
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ძველი ესკიზი

ქუთაისში ცენტრალური შადრევნისა და ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა და მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია კი ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას მოიცავს. აღდგება განათების სისტემა , დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის ტენდერში, პირველივე შეთავაზებით, თბილისში 2006 წელს რეგისტრირებულმა კომპანია შპს „დავითმა“ გაიმარჯვა. შეთავაზების მოცულობა 573 808 ლარს შეადგენდა. კომპანიამ თავისი შეთავაზება ტენდერში წინადადებების მიღების ბოლო დღეს 4 ოქტომბერს გააკეთა. სატენდერო პირობების მიხედვით პროექტის ჩაბარება ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის ტენდერში კი 740 928 ლარიანი შეთავაზებით, კომპანია დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია Geo Sky Construction Limited-ის ფილიალმა „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ ტენდერში წინადადებების მიღების ბოლო დღეს 1 ოქტომბერს მოიგო. ამ შემთხვევაში სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეა განსაზღვრული.

ცნობისთვის, “კოლხური შადრევანი” ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ 2011 წელს გაიხსნა.