დავით კირკიტაძემ რუსთავის საკრებულოს წევრებთან ერთად ის ტერიტორიები მოინახულა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსთაველებს უნდა გადაეცეთ. რუსთავის მერობის კანდიდატის გეგმის თანახმად, ქალაქის მიმდებარედ არსებული გამოუყენებელი მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში 15 000-ს ოჯახს გადაეცემა, საჭირო კომუნიკაციების ადგილამდე მიყვანას კი რუსთავის მერი საკრებულოსთან ერთად უზრუნველჰყოფს.
დავით კირკიტაძის განცხადებით გეგმა მარტივად განსახორციელებელია, მაგრამ ამისათვის თავდაპირველად მიწის ნაკვეთებს საძოვრის სტატუსი უნდა შეეცვალოს.
“ნასახლარებია, რომ არ იყო შესაბამისი პირობები, ესე დარჩა და არ განვითარდა. ეს განვითარდება, მუნიციპალიტეტი მოიყვანს შესაბამის კომუნიკაციებს და იმ ადამიანებს ვისაც არ შეხვდა თავის დროზე, ასეთია 15 000 ოჯახი რუსთავში, მათი სამყოფი მიწა არის ამ ტერიტორიაზე”, – თქვა დავით კირტიკაძემ.
ცნობისთვის, რუსთავში ოპოზიციამ საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა მერის ასარჩევად მეორე ტურია ჩანიშნული.