გახარიას გუნდის წევრი ლანჩხუთში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

346

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი ლანჩხუთში გიორგი ჩხაიძე მმართველ პარტიას პოლიტიკურ ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. როგორც ჩხაიძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, სამსახურიდან, კერძოდ კი ა(ა)იპ ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„ამ სამსახურში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ვიყავი დასაქმებული ხელშეკრულებით,  ბუღალტრის პოზიციაზე. ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „საქართველოს“ წარმოვადგენდი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი აკეთი-აცანა-მამათის მაჟორიტარულ უბნებზე. არჩევნების შემდეგ,  კი მითხრეს რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი- ხელშეკრულების ვადა ამოგეწურა და ვეღარ გაგიგრძელებთო. სამსახურის უფროსთან, დიტო მარშანიშვილთან მქონდა შეხვედრა და მან მითხრა.

სამსახურიდან გაშვების ოფიციალურ მიზეზად კი მოჰყავთ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, თუმცა ცხადია, სამსახურის უფროსმა ეს გადაწყვეტილება ზემოდან, მერისგან უშუალო მითითებით მიიღო, რომ როგორ გავბედე და ოპოზიციური პარტიიდან ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ოცნების“ კანდიდატს ემზარ თედორაძეს დავუპირისპირდი“– ამბობს გიორგი ჩხაიძე, რომელიც მომხდარში უშუალოდ მერს, ალექსანდრე სარიშვილს ადანაშაულებს.

ბრალდების უშუალო ადრესატი ლანჩხუთის მერი მისი მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ვინმეს მიმართ დევნის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ჩემი ბევრი თანამშრომელი სხვადასხვა პარტიებიდან მონაწილეობდა არჩევნებში და არავის მიმართ რაიმე ზეწოლას ადგილი არ ქონია, არც ამ კონკრეტულ შემთხვევასი. თუ რატომ მოხდა გიორგი ჩხაიძის სამსახურიდან გაშვება ამაზე უშუალოდ სამსახურის უფროსს დიტო მარშანიშვილს დაუკავშირდით და ის გაგცემთ პასუხს,“– გვითხრა მერმა.

„გურია ნიუსთან“ სატელეფონო  საუბარში არც  სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს.

„არანაირი მითითება არ ყოფილა მერისგან და არც პოლიტიკური ნიშნით გაგვიშვია ვინმე სამსახურიდან. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ეს იყო სულ, სამსახური ისედაც გადატვირთულია და ნელ-ნელა გვიწევს ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა გაშვება,“ -ამბობს დიტო მარშანიშვილი.