ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები ძირითადად კარგად, თუმცა მათი სურვილია დამთავრდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული ამოცანა აქვს პოლარიზაციის შესუსტებისა და შუამავლობის თვალსაზრისით.
ამასთანავე, ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პარტიათაშორისი კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ორიენტაცია, ამაზე ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ყველა პარტია თანხმდება და პარტიათაშორისი კონსენსუსი არსებობს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. იმისგან დამოუკიდებლად, რა სირთულეც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურად სხვა სფეროებში, საგარეო პოლიტიკა კონსენსუსის სფეროა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან დაახლოებისთვის და მჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ეს შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ესეც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატია.
დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადი განვითარება და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. აქაც ჩვენ საქართველოს უკვე მრავალი წელია მხარს ვუჭერთ, მაგალითად ევროსტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით, საჯარო მმართველობაში და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის მაშ შორის კიბერუსაფრთხოება. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები ძირითადად კარგად, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების სფეროები აქაც არსებობს და მათი სურვილია დამთავრდეს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, მაგრამ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მინდა მივულოცო, ის ცდილობს და ძალიან რთული ამოცანა აქვს მას ამ პოლარიზაციის შესუსტების თვალსაზრისით და შუამავლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. მე ვგულისხმობ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს”. ავსტრია 13 წელია უკვე არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილე, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მისიაა ადგილზე, რომელსაც ჯერ არ აქვს, სამწუხაროდ, შესაძლებლობა თვითონ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოქმედოს. ჩვენ რუსეთისგან მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთშიც და “სამხრეთ ოსეთშიც” მოახერხოს მუშაობა,“- განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.