კუჭავა: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც „ნაცმოძრაობის ბოიკოტს დაასრულებს

352

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს დაასრულებს.

კუჭავამ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა: – “ნუ ნერვიულობთ საკითხებზე, რაზეც პოლიტიკური ნებაც არის და დაწყებულია ქმედებები“.

“საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა იქნება. დაველოდებით როცა პარლამენტში ყველა შეიკრიბება, რადგან კონსტიტუციას შესაბამისი ხმები სჭირდება. არჩევნებამდე ბოიკოტის რეჟიმშია ის პოლიტიკური პარტია, რომლის ხმებიც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.