განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.
„კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
როგორც მოგეხსენებათ, 2020-2021 სასწავლო წელს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს სკოლებმა კოვიდი და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას – მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწავლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს,“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში 4 ოქტომბერს დაიწყო.