ცესკოს განცხადებით, 812 უბანი გადათვალეს — როგორია შედეგები

1026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 10 ოქტომბრის მონაცემებით, 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 360 უბანი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამ უბნებიდან 66,7%-ში ცვლილება არ დაფიქსირდა, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. უწყების მტკიცებით, ამ ცვლილებებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ცესკოს განცხადებით:

  • 194 უბანი — საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს.
  • 257 უბანი — იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაამოწმეს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ გააჟღერა. კერძოდ, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები.

უწყებაში ამბობენ, რომ სტატისტიკას სწორედ ამ 257 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით წარადგენენ. მათი თქმით, შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა. რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, მათივე თქმით, მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს.

ცესკოს ინფორმაციით, ცვლილებების სტატისტიკა ასეთია:

  • ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ — 53 ხმა;
  • მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ — 41 ხმა;
  • მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ — 82 ხმა.

ცესკოს მტკიცებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მათი მითითებით ისეთი უბნების შედეგები გადათვალეს, სადაც მცირე რაოდენობით ბათილი ბიულეტენები ფიქსირდებოდა, არასწორია.

ცესკოში აცხადებენ, რომ გადათვლის თაობაზეც იმ სარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აცნობეს, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე. მათივე განცხადებით, რამდენიმე უბანზე კვორუმი არ შედგა (ანუ კომისიის შემადგენლობის სრული უმრავლესობა არ გამოცხადდა) და გადათვლა ვერ მოახერხეს.