ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზოს მთლიანად ჩამოშლასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
“ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება”, – წერია მერიის განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
ადგილზე კომენტარი ცოტა ხნის წინ შს მინისტრმა გააკეთა, მისი ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი, მათგან 2 კონტაქტურია. ერთადერთი, ვინც ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 1.3 წლის ბავშვია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ცნობისთვის, მთლიანი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.