ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის – როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომლებმაც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული დეპუტატები სააკაშვილის ლობიზმს ეწევიან.
“ეს სიახლე არ არის, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი დეპუტატები, მათი განცხადება არის რეალობას აცდენილი. ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის და მასში არის ძალიან ბევრი სიმპათია სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, რომ ვხედავთ განცხადებებს, სადაც ბევრია პირადი ლობიზმი სააკაშვილისა და ნაკლებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და რაც მთავარია სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა. როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.