“თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა” – ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში

389

ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ხმების გადათვლა მიმდინარეობდა. დაითვალეს 4 საუბნო საარჩევნო კომისიის ხმები, რის შემდეგაც ერთ უბანზე შედეგები გაბათილდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციამ დალუქული ბიულეტენების გახსნისას შეამჩნია, რომ ისინი უკვე გახსნილი იყო და ეს მაშინვე გააპროტესტა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიულეტენი, ვითომ მთვლელების მექანიკური შეცდომით, ბათილ ბიულეტენებად იყო ჩათვლილი. რეალურად კი ბიულეტენები წინასწარ იყო ჩასწორებული და გადაკეთებული ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

ერთ-ერთ უბანზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, აქ უმრავლესობა ჰქონდა ოპოზიციას საკრებულოში, თუმცა, გუშინდელი გადათვლის შემდეგ ,,ნაციონალურ მოძრაობას” მოაკლდა ერთი მაჟორიტარი.

საჩივარი ხმების გადათვლასთან დაკავშირებით არჩევნებიდან მეოთხე დღეს ,,ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ შეიტანა, რომლის შვილიც საკრებულოს წევრია.

ოპოზიციის კომისიის წევრებმა მოითხოვეს, რომ საჩივარი არ განხილულიყო, თუმცა, საოლქოს თავმჯდომარემ ეს არ გაითვალისწინა. “ნაციონალურ მოძრაობა” აპირებს პროკურატურას მიმართოს და ბიულეტენებზე ექსპერტიზას ითხოვს.

ენმ კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს, ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანი წითლიძე და კომისიის წარმომადგენელიც, რომელიც ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა კითხვაზე, გახსნა თუ არა კონვერტები, კითხვითვე უპასუხა – “არ გვქონდა უფლება”?.

მომხდართან დაკავშირებით, ზუგდიდში ჩავიდა დღეს ნიკა მელია, რომელმაც საგანგებო მიმართვა გაავრცელა.