საჩივრების განხილვა N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში -სხდომა შენიშვნების მიცემით დასრულდა

348

6 ოქტომბერს, 18:30 საათზე, N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში შეტანილი საჩივრები განიხილეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ, განხილვის დაწყებამდე გააკეთა მოკლე კომენტარი, რომ ცესკოს დადგენილების N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქმა ცესკოს N40/2021 დადგენილების თანახმად გადათვალა ხუთი საარჩევნო უბანი.

საჩივრებს შორის, ყველაზე ხმაურიანი იყო #60/02 უბნის საჩივრის განხილვა.

აღნიშნული უბნის ოქმზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ შემაჯამებელი ოქმის შევსების დროს დაშვებული იყო შეცდომა, რაც გამოსწორდა შესწორების ოქმით. სხდომაზე მოსული იყო 60/02 საუბნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები – რომლებიც სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენდნენ. მათ დაადასტურეს , რომ შესწორებულ ოქმს თავად მოაწერეს ხელი.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ითხოვდა, რომ #60/02 უბნის კომისიის სრული შემადგენლობას დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა და მომხდარიყო ამ უბანზე ხმების გადათვლა.

სხდომის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ კითხვით მიმართა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს თუ რითვის უნდა დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა მთლიანი კომიის შემადგენლობას.

საბოლოოდ კამათის და აზრთა შეჯერების შემდეგ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,„შენიშვნა“, შეეფარდა 60/02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს.

„სამართლიანი არჩევნების“ კიდევ ერთი საჩივარი შეეხებოდა 60/42-ე უბანზე ერთი ზედმეტი ბიულეტენის აღმოჩენას. როგორც ადგილზე გაირკვა, ერთი ზედმეტი ბიულეტენი, ამომრჩევლისთვის გადაცემის დროს, გადაჰყვა რეგისტრატორს.

აღნიშნული ფაქტის გამო, 42-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა-განმარტება, რომ ეს მოხდა რეგისტრატორის მიერ, – თქვა ბერდია ლომიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ყველა შემთხვევაში ითხოვდა ხმების გადათვლას, , განხილვის მონაწილეთა შეფასებით, წარმოდგენილი საჩივრების მიხედევით, ამის საჭიროება არ დამდგარა.