გორის საოლქოში უბნების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით 11 საჩივარია დაწერილი

304

გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით 11 საჩივარია დაწერილი. საჩივრის ავტორები არიან: ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საჩივრების საფუძვლად შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსია მითითებული.

მაგალითად, ISFED-ს ერთ-ერთ საჩივარში ვკითხულობთ:

“N76 უბანზე მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი მიღებულ ხმათა რაოდენობას დამატებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 7-თ მეტია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე” ,  – აღნიშნულია საჩივარში.

იგივე ტიპის უზუსტობებზე მიუთითებს პარტია “საქართველოსთვის”:

“N97 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მერობის კანდიდატების მიღებული ხმების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების ოდენობა” , – მითითებულია ერთ-ერთ საჩივარში.

საჩივრებს გორის საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის და თუ კი, მომჩივანთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მითითებულ უბნებზე ხმები ხელახლა გადაითვლება.