პირველი ტურის შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ ოზურგეთში საზოგადოებას სურს მერი შეიცვალოს და შემიძლია გითხრათ, მეორე ტურისთვის ჩვენ ნამდვილად გვექნება კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქის მხარდაჭერა, მუნიციპალურ არჩევნებში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, – განცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში ძლიერი მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის, რის შედეგადაც, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ახალ საკრებულოში კი მანდატების დიდი უმრავლესობა. პირველ ტურში 15%-იანი განსხვავებით დავამარცხეთ ოზურგეთის მოქმედი მერი, რომელმაც 4-წლიანი საქმიანობის შემდეგ, იმაზე 4 000 ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2017 წელს, როცა მერად აირჩიეს. მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა (თანამშრომლებთან აგიტაციის გამო იგი სასამართლომ კანონის დამრღვევად ცნო) და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთასთან გარიგებისა, ჩვენ მას პირველივე ტურში ვაჩვენეთ უპირატესობა (44%), რომლის გადალახვაც შეუძლებელია! მეორე ტურში გვექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა!“ – აღნიშნავს თალაკვაძე.
თალაკვაძემ ამომრჩეველს 30 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„იმისათვის, რომ მერის არჩევნებშიც საბოლოოდ გავიმარჯვოთ, მინდა გთხოვოთ, 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა! ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის: გავაკეთეთ თითოეული უბნის მიხედვით შედეგების ანალიზი; ჩავატარეთ და წარმატებით განვაგრძობთ მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრებს მხარდაჭერის გასაზრდელად; უკვე დაიწყო მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა ახალგაზრდებთან, პროფესიულ წრეებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან; დამატებით დროში პირადად შევხვდებით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს და ვესაუბრებით ჩვენს გეგმებსა და ინიციატივებზე; პრაქტიკულად, გადაწყვეტილია მომავალი მერის მოადგილის საკითხიც, სადაც ქალის კანდიდატურას განვიხილავთ; გამარჯვების შემდეგ, ასევე, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალ საჯარო მოხელესთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში.
პირველი ტურის შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ ოზურგეთში საზოგადოებას სურს მერი შეიცვალოს და შემიძლია გითხრათ – მეორე ტურისთვის ჩვენ ნამდვილად გვექნება კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქის მხარდაჭერა, მუნიციპალურ არჩევნებში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო თანაგუნდელებს და საარჩევნო შტაბის წევრებს! ერთად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნავს თალაკვაძე.