ალექსანდრე ელისაშვილმა საზოგადოებას თავისი გუნდი წარუდგინა

617

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საზოგადოებას თავისი გუნდი წარუდგინა.

ელისაშვილის თქმით, ურბანისტი დავით ნიკოლაიშვილი ერთ-ერთია, ვინც თბილისის ურბანულ პრობლემებზე იზრუნებს. “ბატონი დავითი ათეულობით ურბანულ პროექტში მონაწილეობდა. აქვს უზარმაზარი ცოდნა და მას სურს, რომ ეს ცოდნა ქალაქს ჩვენს გუნდთან ერთად მოახმაროს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის გუნდშია, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვატო სურგულაძე და ექიმი დევი ტაბიძე. ელისაშვილის თქმით, ეს ორი ადამიანი გაუძღვება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებს.

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარი გუნდის წევრად წარადგინა, ასევე, გარემოსდამცველი ნატო კირვალიძე. ელისაშვილის თქმით, კირვალიძე 28 წელია, გარემოსდაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. “80-იანი წლების მწვანეთა მოძრაობიდან მოყოლებული ნატო ამ საქმიანობითაა დაკავებული. იყო კავკასიის გარემოს დაცვითი ცენტრის პირველი დირექტორი. ინიციატორი იყო თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიისა, რომელიც 2 წლის წინ დიდი ზარზეიმით მივიღეთ და მას შემდეგ მერიის თაროზეა შემოდებული”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გარემოს დაცვის მიმართულებით ელისაშვილმა, ასევე, წარადგინა ირაკლი ჯუღელი. “ირაკლი სწავლობდა აშშ-სა და საფრანგეთში, მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროში. ამავდროულად, იდგა საპროტესტო აქციებზე და იცავდა თითოეულ ხეს თბილისში. ამის გამო მას სამსახურის დატოვება მოუწია”, – თქვა წარდგენისას ელისაშვილმა.

თავისი გუნდის წევრად ალექსანდრე ელისაშვილმა, ასევე, წარადგინა არქიტექტორი სანდრო სარალიძე და არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო კორძახია, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის ყველა კულტურული მემკვდრეობის ძეგლის რესტავრაცია-აღდგენაზე მუშობდა.

ელისაშვილის გუნდის წევრები არიან, ასევე, თოჯინების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ნანა ოქრუაშვილი, რომელიც, მერობის კანდიდატის თქმით, სამუზეუმო მენეჯმენტის სპეციალისტია და ივანე ნორაკიძე, რომელიც ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსია.

“მე დღეს წარვადგინე გუნდი, რომელთან ერთად, მერიაში მოსვლის შემდეგ, რეალურად და გადაუჭარბებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი, რომ ეს ქალაქი გახდეს საცხოვრებლად ვარგისი სივრცე, სადაც არ იქნება შხამიანი ჰაერი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თანამედროვე, კომფორტული და მოხერხებული, სადაც მწვანე სივრცეების რაოდენობა გაიზრდება და ხეები არ გაიჩეხება, სადაც სოციალური პროგრამები იქნება მიზნობრივი, ადეკვატური, ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება და არა სიღარიბეში დარჩენაში. აქ არიან პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც თავიანთ სფეროში აქვთ ძალიან მაღალი რეპუტაცია დამსახურებული”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.