ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მზად არიან რომ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი ნარკოტესტი ჩაიტაროს. მან ასევე, შესთავაზა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავადაც ჩააბაროს ნარკოტესტი. ამის შესახებ ბასილაიამ რუსთავის ციხესთან ისაუბრა, სადაც სააკაშვილი მოინახულა.
“მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა, მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს და დარწმუნებული ვარ, არც არავინ არ აჰყვება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება, მთელი წლების მანძილზე და ბოლო პერიოდში, დაკავებამდე, ჩვენ მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე. ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.
ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ, აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტესტზე ტესტი, ნებისმიერ ნარკოტიკზე, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკი, ამისთვის მზად ვართ. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი, მან კანცელარიაში, მისთვის სასურველი მედიების თანდასწრებით თუნდაც, ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, — განაცხადა მან.
საქართველოს მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 6 ოქტომბერს ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. მან ამ ტექსტში რამდენჯერმე მიანიშნა სააკაშვილის შესაძლო ნარკოდამოკიდებულებაზე:
“ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლებამ ოპონენტის ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნა. ასე მოხდა მათი ყოფილი თანაპარტიელის, გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, როცა დასვეს კითხვა, ხომ არ მოიხმარდა ის “კოკაინს”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
1 ოქტომბერს დილიდან, “ქართული ოცნების” ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.