ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის და თბილისელებს არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.