ევროპულმა საქართველომ ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

1012

“ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი არჩევის შემთხვევაში, ზუგდიდში პენსიებისა და სოციალური შემწეობის გაზრდა და 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის ბიზნესისას და ინვესტორებისთვის. ოთხი წლის განმავლობაში 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სრულიად რეალურია. აუცილებელია, რომ არსებული სოციალური ფონი დავძლიოთ და სამუშაო ადგილების შექმნით ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა“, – განაცხადა ქებურიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ქებურიას ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის – 25, ხოლო სოციალური შემწეობის 70 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

ამასთან, ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაანონსა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი ღონისძიებების ჩატარება და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია იქნება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედი ნიუსი