ქუთაისის საოლქო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით ხუთი უბნის შედეგები დათვალა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
კომისიაში აცხადებენ, რომ უბნებიდან ორში ცდომილება იყო. კონკრეტულად, #109 და #66-ე უბნებზე მიღებული ხმები არასწორად იყო დათვლილი. საოლქო კომისიის განცხადებით, ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ უბანზე ერთი ხმა აკლდა პარტია “ქართულ ოცნებას”, ხოლო მეორე უბანზე, ასევე ერთი ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს.
#59-ე საოლქო კომისიამ, ლოტოტრონის პრინციპით ხმები თავიდან დაითვალა #43-ე, #66-ე, #102-ე, #109-ე და # 110-ე უბნებზე. კანონის მიხედვით, საარჩევნო კომისიამ, არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ხუთი უბნის შედეგები თავიდან უნდა დათვალოს.
საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვაც უნდა დაიწყოს. კომისიაში 70- მდე საჩივარია შესული. მათი უმრავლესობა კენჭისყრის დღეს არის დაწერილი, სამი საჩივარი კი კომისიაში სამ ოქტომბერს შეიტანეს. მათი უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი.
საჩივრის ტექსტი ასევე შეადგინეს პარტია “საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ლელოს” დამკვირვებლებმა. ორი საჩივარი დაწერა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ხოლო ერთი “სამართლიანმა არჩევნებმა”.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ყველა საჩივარზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა, დაიწყებს თუ არა მათ განხილვას კომისია დღეს, უცნობია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 46.68% მიიღო, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 30.7%-ით.
ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისშიც, არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას გასამარჯვებლად ხმების რაოდენობა არ ეყო, რის გამოც ამ ქალაქებში მეორე ტური ჩატარდება.