“ფლანგვის დეტექტორი” : კომპანიებმა, რომლებმაც “ოცნებას” არჩევნებისთვის 67 000 ლარი შესწირეს, ტენდერებიდან 8 მილიონამდე ლარი მიიღეს

638

მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7 350 505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460 500 ლარი მიიღო – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული ფულადი შემოწირულობა ემთხევევა იმავე პერიოდში ელექტრონულ ტენდერებში მათ გამარჯვებას და მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმებას სახელმწიფო სტრუქტურებთან.

კერძოდ, კომპანიებმა რომელთაც მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში 67,000 ლარი, შესწირეს, ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,997,447 ლარი მიიღეს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს “იბოლია”, რომელიც “ოცნების” ყოფილ ჩინოსანს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის. კომპანიამ 20 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას და ამავე დროს 1.2 მილიონის ტენდერი მოიგო.

“2021 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში კომპანიამ დაახ. 1,173,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იღებს მსხვილ თანხას ბიუჯეტიდან. იოსებ მაკრახიძემ ასევე პირადად ჯამში 100,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 2016-2018 წლებში.

შპს შარა გზამშენი-პირველმა 5,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2021 წლის 30 აგვისტოს. კომპანიამ ამავე დღეს უკონკურენტოდ მოიგო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ხელშეკრულების ღირებულება 266,700 ლარია. შპს შარა გზამშენი-პირველმა მხოლოდ სექტემბრის თვეში ჯამში დაახ. 2,334,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ 2017 წელსაც შეწირა 20,000 ლარი მმართველ პარტიას. შპს შარა გზამშენ-პირველს ჯამში დაახ. 70 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახლემწიფო ბიუჯეტიდან”, – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.