”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაციას გეგმავს.
”თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 – მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.
კახა კალაძე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალაქს ტურიზმის მიმართულებით აქვს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი