თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება თელავის ვიცე მერი. თენგიზ მთვარელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა მშენებლობაზე დასაქმებული ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“შენობა კერძო ინვესტიციით შენდება. ეს არის მრავალფუნქციური კომერციული ობიექტი. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ჩამოინგრა ეს შენობა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა. „კახეთის ხმის“ ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევა შესაძლოა მშენებლობის ნორმების დარღვევით იყო გამოწვეული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით დაიწყო, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თელავის ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობას ბიზნესმენი ვანო კევლიშვილი აშენებს. კევლოშვილი რამდენიმე წლის წინ საგასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.
წყარო: კახეთის ხმა